სააგენტოს მომსახურებების შშმ პირთათვის მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის ფორმატში განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების მისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და მათი უახლოეს მომავალში დანერგვის გზებზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სამინისტროს სისტემაში განხორციელებულ ინკლუზიურ პროექტებსა და უწყების საქმიანობაში შშმ პირთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ დამსწრე საზოგადოებას უწყების შშმ პირებისთვის მისაწვდომი სერვისები გააცნო.
სააგენტო ქვეყანაში სერვისების გამცემი ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა და მის პრიორიტეტის წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღების გამარტივება, ასევე, დისტანციურ მომსახურებაზე მისაწვდომობის გაზრდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი 2021 წელს, მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. კომიტეტთან ფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭო, რომლის მთავარი მიზანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკოორდინაციო კომიტეტისთვის რეკომენდაციების შემუშავება.













