სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას ცესკოსთვის მიწოდებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 სექტემბერს შუალედური ანგარიში გამოქვეყნა. დოკუმენტში იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითადაა შეფასებული.
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევით მონაცემთა ბაზის სიზუსტე უმჯობესდება ბაზიდან დუბლირებული და გარდაცვლილთა მონაცემების პროაქტიულად ამოღებით, მოქალაქეების უფასო დოკუმენტაციით უზრუნველყოფით, ფოტოების მიღება/განახლებითა და ბიომეტრიული მონაცემების აღების მიზნით, მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე კარდაკარ სამუშაოების განხორციელებით.“ – ნათქვამია ანგარიშში.