სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლის სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საჯარო სერვისების შექმნასა და განახლებაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს
მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნისა და მიწოდების საკითხებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „საჯარო სერვისების განახლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ – გამართულ შეხვედრაზე გაეცნენ. შეხვედრა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სერვისის შექმნისა და მიწოდების პროცესში მომხმარებელზე ორიენტირებული შემოქმედებითი აზროვნების, ციფრული ტრანსფორმაციის, პერსონალური მონაცემების დაცვის და ინოვაციური კულტურის გამოყენების მნიშვნელობა.
ქალაქ პარიზში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამისი უწყებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები.


