იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.
პოტენციური ამომრჩევლები არიან საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, ასევე პირები, რომელთაც 2021 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ ან შეუსრულდათ 18 წელი.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები გადასცეს წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს. ბიომეტრიული დოკუმენტის ფლობა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“. დღეისათვის, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) ბაზებში 3 248 313 პირი ზუსტი მონაცემებითა და ბიომეტრიული ფოტოსურათით არის წარმოდგენილი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს პროექტს – „საარჩევნო სიის სრულყოფა“, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღება. საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით პროექტის ფარგლებში ჩატარებული პროაქტიული სამუშაოების შედეგად, ბოლო 9 წლის განმავლობაში საარჩევნო სიიდან 11 500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული.