სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ UNHCR-თან „კარდაკარ“ კამპანიის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ UNHCR-თან „კარდაკარ“  კამპანიის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის  დაიწყო „კარდაკარ“ კამპანია, სლოგანით – „დააფიქსირე შენი არსებობა“. მისი მიზანია ქვეყანაში მოქალაქეობის არქონის აღმოფხვრა.

სააგენტოს თავმჯდომარემ – ქეთევან ბეთლემიძემ და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR-ის) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა – ქემლინ ფურლიმ  „კარდაკარ“  კამპანიის  განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით,  კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი ბენეფიციარები, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ.  მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონებში მოქალაქეობის არმქონე პირების იდენტიფიცირებას, მოქალაქეობრივი სტატუსის განსაზღვრასა და დოკუმენტირებას.

უდოკუმენტო პირები დოკუმენტზე განაცხადის გაკეთებას  საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელად შეძლებენ. იმისათვის, რომ მათი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება ადგილზე  მოხდეს, UNHCR-მა სააგენტოს ბიომეტრიული დოკუმენტებისთვის მონაცემების მისაღებად საჭირო სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

კამპანია UNHCR-ის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში  მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების რაოდენობა მცირეა, სახელმწიფო  ყველა საჭირო მოქმედებას ახორციელებს იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე იყოს რეგისტრირებული და ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რათა გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და ყველა სახელმწიფო სერვისით.