ციფრული საჯარო ადმინისტრირების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გაეცნენ

ციფრული საჯარო ადმინისტრირების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის ფარგლებში, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საჯარო სერვისების შექმნასა და განახლებაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

საჯარო ციფრული პროდუქტების ეფექტიანობის გაუმჯობესების, ბიუროკრატიის შემცირებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცდილებას მოლდოვაში, ქალაქ კიშინაუში გამართულ შეხვედრაზე გაეცნენ. მონაწილებმა სერვისის შექმნისა და მიწოდების პროცესში შესაბამისი პრინციპების მნიშვნელობასა და eIDAS 2.0 რეგულაციაზე იმსჯელეს, რომელიც ელექტრონული იდენტიფიკაციის, აგრეთვე, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების წესებს განსაზღვრავს.

შეხვედრა გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „საჯარო სერვისების განახლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ – ფარგლებში, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ხელშეწყობით.

ქალაქ კიშინაუში გამართულ შეხვედრაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.