იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ავსტრიის რესპუბლიკაში, ქალაქ ვენაში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ ორგანიზებულ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფორუმში – „ვენის მიგრაციის კონფერენციაში“ (VMC 2023) მიიღო მონაწილეობა.
VMC ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაა, რომლის ფარგლებშიც ინტერაქტიურ ფორმატში განიხილება მიგრაციის მართვის საკითხები, სფეროს უახლესი გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკები.
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რანგის წარმომადგენლები საჯარო სექტორიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე, სფეროს ექსპერტები და პრაქტიკოსები. აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ – ქეთევან ბეთლემიძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებაა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და მისი გრძელვადიანი ამოცანების იმპლემენტაცია, ამ კუთხით განსახორციელებელ საქმიანობაში მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ასევე არის ICMPD-ის კოორდინაციითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედი პრაღისა და ბუდაპეშტის რეგიონული პროცესების აქტიური წევრი.


