ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წწ. სტრატეგია“. სტრატეგია მოიაზრებდა სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვას სერვისების შექმნის, მიწოდების, განფასების, ორგანიზაციული თვითშეფასების ერთიანი სისტემის (CAF) და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიმართულებებით.
სტრატეგიის შედეგად, ხუთივე მიმართულებით შეიქმნა სახელმძღვანელო მეთოდოლოგიები, ტრენინგმოდულები და გადამზადდა სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების 850-მდე წარმომადგენელი. ერთიანი მიდგომები დაინერგა სახელმწიფო სერვისების გამცემ 17 უწყებაში (სულ მცირე 1 მიმართულებით), სადაც მომხმარებელთა ჩართულობით 80-ზე მეტ საჯარო სერვისზე გამოყენებულ იქნა დიზაინის და მიწოდების მეთოდოლოგიები, ხოლო 47 მომსახურების ძირითადი ღირებულება გამოითვალა ახალი მეთოდოლოგიით.