იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანალიტიკურმა სამსახურმა 16 საჯარო უწყების წარმომადგენლებს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დანერგვასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.
ტრენინგის მონაწილეები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განხორციელებული მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს, მეთოდებს, მოდელებს, ინსტრუმენტებს, კვლევის პროცესში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს გაეცნენ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს კვლევის დანერგვისთვის აუცილებელ ერთიან მიდგომებსა და პრინციპებზე.
სწავლება საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის“ აღსრულების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. სტრატეგია მოიაზრებს ახალი, ერთიანი მიდგომების დანერგვას სახელმწიფო სერვისების შექმნის, მიწოდების, განფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებით, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ორგანიზაციული თვითშეფასების ერთიან სისტემას და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სერვისების მიწოდების კომპონენტის განხორციელების მაკოორდინირებელ უწყებას წარმოადგენს. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას და ინდივიდუალურ კონსულტაციებს, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიწოდების სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.