დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას.
საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც არეგისტრირებს დაბადების ფაქტს, რის შემდეგაც გაიცემა დაბადების მოწმობა.
თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში, მშობელს შეუძლია მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს რეგისტრაციის მოთხოვნით.
ბავშვის დაბადების თაობაზე განცხადებას წარადგენს:
• ერთ-ერთი მშობელი;
• მშობლის მინდობილი პირი;
• მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
• იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი;
• გამგეობის (მერიის) რწმუნებული, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.
თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში, მისი დაბადების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ბავშვის მშობელმა.
ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინონ:
• ქორწინების მოწმობა;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა/მშობელმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
• ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია ბავშვის დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით.
დოკუმენტების წარდგენა აუცილებელი არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულია შესაბამის დოკუმენტში არსებული ინფორმაცია.
აუცილებელია სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტების (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენა მხოლოდ სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
თუ პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ, ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების აღსაზრდელია, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელს ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია, დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. მოქალაქეს შეუძლია დაბადების მოწმობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა (ჩაბარება) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლის ფილიალში, მობილურ იუსტიციის სახლში ან სააგენტოს დისტანციური სამსახურის მეშვეობით, ელექტრონულად.
დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ.