ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს.

ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ქორწინების სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურსა და იუსტიციის სახლის ფილიალში.

ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია, რომ დაქორწინების მსურველი პირები იყვნენ კანონით განსაზღვრული საქორწინო ასაკის და წარადგინონ განცხადება;

საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან.

ქორწინების რეგისტრაცია  დაუშვებელია  წარმომადგენლის მეშვეობით (დაუშვებელია ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდეს წარმომადგენლის დასტურით/ხელმოწერით).

ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით.

ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება:

• იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;

• პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;

• ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;

• მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;

• იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.

    • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
    • დასაქორწინებელ პირთა/მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
    • თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში, წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი;
    • თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    შენიშვნა: თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველი პირი/მოწმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

    სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტი (გარდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტისა) უნდა წარდგენილ იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით.

    უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი საბუთი.

  • ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლის ფილიალში, სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, არის უფასო.