კამპანია ,,კარდაკარ”-ის ფარგლებში, რომლის მიზანია მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირება და მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის ხელშეწყობა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNHCR-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების – თვითმმართველობისა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებთან, ასევე, თემატურად მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია ბენეფიციართა გამოსავლენად და ქვეყანაში მოქალაქეობის არქონის შემთხვევების აღმოსაფხვრელად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების რაოდენობა მცირეა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე იყოს რეგისტრირებული და ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რათა გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და ყველა სახელმწიფო სერვისით. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, კამპანიის შედეგად გამოვლენილი უდოკუმენტო პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ.